Saturday, 9 November 2013

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

ღვთაება ღვთაების მონასტერი დაარსებულია VI საუკუნეში ქართველი მისიონერის ანტონ მარტომყოფელის (მარტყოფელის) მიერ. იგი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათგან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გადასარჩენად. მამა ანტონმა იეროპოლიდან თან ჩამოიტანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (კეცის). ეს სასწაულმოქმედი ხატი დღესაც მონასტერშია. ამ ხატის პატივსაცემად მამა ანტონის მიერ დაარსებულ მონასტერს ღვთაების სავანე უწოდეს. იგი შედგება ღვთაების, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის და ანტონ მარტომყოფელის სახელობის ტაძრებისაგან, აგრეთვე ანტონ მარტომყოფელის სვეტისაგან. ეს უკანასკნელი თვითონ წმინდა ანტონმა ააშენა თავისი ხელით და იქ მარტო მყოფმა გაატარა სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელიწადი. როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოიარა მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა. შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი იმდენს აოცებდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ, მამა ანტონმა ააშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმა, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი და იქ დაიწყო მოღვაწეობა. მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ, ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც ტყით იყო დაბურული. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. თავიდან იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან, ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას. ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს დააგვიანეს, ძალიან შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონს გაუკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი გზაზე შეხვდა მამასახლისს. მას ძალიან გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, გულზე ხატით. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა. მამასახლისს ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა. მართლაც, წაეყვანეს მამა ანტონი სამჭედლოში რომ იქ მოეჭრათ ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ უცებ რკინა გაუვარდა ხელიდან, ენა ჩაუვარდა და და ხელი გაუშეშდა. შეშენებულმა მჭედელმა აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. მამასახლისმა მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი ირმებისთვის. წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აეშენებინა. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა სარადიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად. ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მონასტრის მართლაც ღვთაებრივმა სილამაზემ, საოცარმა სიმშვიდემ და წმინდა გარემომ. ყველაფერი ისე შორეული და სრულიად მოწყვეტილი იყო ქაოსური სამყაროსგან… ასეთ გარემოში ყოფნისას გრძნობ თუ რა ახლოს ხარ საკუთარ სულთან, ბუნებასთან და … უფალთან. ისეთ სულიერი სიმშვიდე გეუფლება, რომ გიჭირს წამოსვლა… უკან, ხმაურიან და პრობლემებით აღსავსე სამყაროში დაბრუნება… ასე დავტოვეთ მონასტერი, წამოვედით სიმშვიდითა და მადლით აღსავსენი… იმ იმედით, რომ, უფლის წყალობით, კვლავ წმინდანთა ნაკვალევს გავყვებოდით… ”ღირსო მამაო ანტონ ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ…”

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია


                                               ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია                                                                                                                                                      მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა. თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.
საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.